საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა 9 აპრილის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუდენტებმა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„36 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან, როდესაც საბჭოთა ჯარებმა უკიდურესი სისასტიკით, ძალადობრივად დაშალეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მრავალათასიანი, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული მშვიდობიანი დემონსტრაცია. იმ ავბედითმა მოვლენებმა ოცდაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მრავალი – დაშავდა. დაღუპულთა შორის იყვნენ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. სწორედ მათმა შეუპოვრობამ და სიმამაცემ ჩაუყარა საფუძველი ისტორიულ გარდატეხას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
დღეს პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას – ჩვენს შვილებს, დებს, ძმებს, მეგობრებს. სამარადჟამოა მათი გმირობა – გმირობა, რომელმაც შეარყია საბჭოთა იმპერია, გამოაფხიზლა ეროვნული თვითშეგნება, გააძლიერა ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ.
ამ თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ორმაგი დატვირთვა აქვს და, უსაზღვრო სევდასთან ერთად, უსაზღვრო სიხარულით აღსავსე დღეა – თავისუფლებისთვის დაღვრილმა სისხლმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ტრაგიკული მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებამ, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოსცა. საქართველოს კონსტიტუციაში კი ჩაიწერა: „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო“.
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გამოცემიდან 34-ე წლისთავს ვულოცავთ მთელ საქართველოს! ჩვენ ერთად ვაგრძელებთ სამართლიანი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს შენებას. წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს მომავალ თაობას! დიდება 9 აპრილის გმირებს! დიდება საქართველოს! დიდება ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის!“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
ცნობისათვის, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთაგან ხუთი – ნატო გიორგაძე, გია ქარსელაძე, ნინო თოიძე, აზა ადამია და მანანა მელქაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები იყვნენ.